მთავრობამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციისას გამომგონებლისა და სახელმწიფოს წილების დადგენისა და გაცემის წესი დაადგინა.
დადგენილების თანახმად, ორგანიზაციის მიერ (პატენტმფლობელი) პროექტზე პატენტის მოპოვებიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, გამომგონებელს პატენტიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავლის არანაკლებ 30% უნდა მიეცეს. აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება პატენტმფლობელს პატენტიდან პირველი შემოსავლის მიღებიდან 12 თვის შემდეგ წარმოეშობა.
ამასთან, როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, სააგენტო უფლებამოსილია, დაფინანსების მომდევნო 7 წლის განმავლობაში პროექტის განმახორციელებლისაგან ყოველწლიურად პროექტის შემოსავლიდან 5%-იანი წილი მიიღოს. სააგენტოს აღნიშნული უფლებამოსილება არასაგრანტო დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტებზე ვრცელდება.
დადგენილების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, პროექტის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფინანსური ანგარიშები, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვ.) მოითხოვოს.