ყველას გოგონას არ უმართლებს ისე, რომ 24 წლის ასაკში პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვში მოხვდეს.
2017 წლის მაისში, ჩჟან ძეტიანი ჩინური ჟურნალის Chinese New Fortune-ის რეიტინგში აღმოჩნდა, რამაც ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მილიონერ ქალად აქცია.
2009 წელს ჩჟან ძეტიანმა სამშობლოში სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც ინტერნეტში ვირუსული გახდა მისი ფოტო, რომელზეც ჩაის ფინჯანი უჭირავს.
2011 წელს ჩჟანმა, რომელიც ნენსის სახელით არის ცნობილი, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - ცინჰუას უნივერსიტეტში ჩააბარა. ერთი წელი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კი ნიუ იორკში სწავლობდა.
სწორედ იქ გაიცნო გოგონამ მომავალი ქმარი - ლიუ ციანდუნი, რომელიც მასზე 19 წლით უფროსია. წყვილი დიდ ხანს მალავდა ურთიერთობას.
მის მეუღლეს ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-16 ადგილი და მსოფლიოში 174-ე ადგილი უკავია. ლიუ ციანდუნი ჩინური ინტერნეტ კომპანიის JD.com დამფუძნებელია, რომელიც Alibaba.com-ის მთავარი კონკურენტია.
ჩჟანი და ლიუ 2015 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. 2016 წლის მარტში წყვილს გოგონა შეეძინა. რამდენიმე თვეში კი მეუღლეებმა ბავშვთა კვების ავსტრალიურ კომპანიაში Bubs Australia ინვესტირება მოახდინეს.
გარდა ამისა, წყვილმა კიდევ 6 კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, მათ შორის ჩინურ Uber-ში.
ნაწილობრივ, JD.com-ის წარმატება ჩჟანის დამსახურებაა, რადგან მას კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.