მესტიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

მესტიაში ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას მისი ადგილმდებარეობა ართულებს. გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს უკიდია.

”400-500 კვადრატულ მეტრამდე ტყის ზოლს აქვს მოდებული ცეცხლი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მოსახლეობა და სასაზღვრო პოლიცია უკვე მიემართებიან ადგილზე. ცეცხლი მთაშია და იქიდან გამომდინარე, რომ მიუდგომელი ადგილია, ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. სახანძრო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, წუხელ არის გაჩენილი და დღეს დილით ის უფრო დიდ ტერიტორიას მოედო.