საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევს „სტად დე ფრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა. მათ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატიური ჩანთა გაიტაცეს.
ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დაწერა პარიზის მე-17 რაიონის კომისარიატში.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით დიპლომატიური ჩანთა ერთ-ერთ რაიონში იპოვეს.