სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებაშია ნათქვამი.
დადგენილების მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც კომისიის თავმჯდომარს პოსტს დაიკავებს; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; კომისისს შემადგენლობაში არიან ასევე: ფინანსთა მინისტრის მოადგილე; იუსტიციის მინისტრის მოადგილე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც კომისიის მდივანის თანამდებობას დაიკავებს; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, კომისია უფლებამოსილია, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტმფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა სთხოვოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ბენეფიციარი ლიცენზიის გაცემაზე უარს იტყვის, კომისიას უფლება აქვს საჯარო ინტერესის დაცვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და თავად გასცეს ლიცენზია.