ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო ,,ჰუალინგში" განაცხადა, სადაც “საპარტნიორო ფონდისა" და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარზე სიტყვით გამოვიდა.
„მოგეხსენებათ, რომ მაისში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
შესაბამისად, ახლა უკვე ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დანერგვისთვის, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მარტო. ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რომელიც ძიანგსის პროვინციას გააჩნია. ეს არის საკმაოდ განვითარებული პროვინცია, რომელსაც რამდენიმე ათასი კილომეტრი აქვს მაგისტრალები, რამდენიმე ათასი კოლომენტრი აქვს სწრაფი რკინიგზა და შესაბამისად, ამ გამოცდილების გადმოტანა, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება, იქნება ძალიან კარგი მიმართულება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.