ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარებისების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია.
როგორც აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მენეჯერმა ნინო სიხარულიძემ განაცხადა, ახალ აღმაშენებელზე პრობლემები 16 კაფეს შეექმნა და აქედან 14-ის მფლობელი უცხოელია.
მისი ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიიდან მიუვიდათ წერილი, რომლის თანახმადაც აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო ზონიდან უნდა მოხდეს მაგიდებისა და სკამების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
კაფეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნებართვის აღების მოთხოვნით უკვე მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა პასუხი აგვიანებს, ხოლო რეალურად დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.
”დღეიდან გვეკრძალება უკვე გარე ტერიტორიის გამოყენება. ჩვენ ერთი კვირის წინ მივიღეთ გაფრთხილება, რომ თუ ერთ კვირაში ნებართვა არ გვექნება, ან ჯარიმას გადავიხდით, ან დავიკეტებით. თავიდან, როდესაც მოვედით, მერიამ გვითხრა, რომ ხელს შეგვიწყობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ერთ კვირაში ფიზიკურად ვერ შევძლებდით ნებართვის აღებას. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ნებართვის შესახებ განცხადება, თუმცა გაფრთხილება მაინც მოგვივიდა. მსგავსი ტიპის პრობლემა 16 კაფეს შეექმნა, აქედან 14 მათგანს უცხოელი მფლობელი ჰყავს, რაც ეჭვებს ბადებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება”, - განაცხადა ნინო სიხარულიძემ.
იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება ახალი აღმაშენებელი, კაფე-ბარების გაფიცვის შემდეგ: 16 ობიექტი დაკეტილია