შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის კლების ფონზე, ოქროს ფასმაც დათმო ბოლო დღეებში მოპოვებული სიმაღლეები და ოდნავ შემცირდა.
კომექსის პლატფორმაზე, ყვითელ მეტალზე ფასი 1.80 დოლარით (დაახლოებით 0.1 პროცენტი), 1 292.18 დოლარამდე შემცირდა. არადა, წინა სესიაზე ფასმა 1 298.10 დოლარს მიაღწია, რაც 6 ივნისის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ განელდა, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა და სახელმწიფო მინისტრმა რექს ტილერსონმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ფხენიანთან არსებული პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობას გააგრძელებს. იმავდროულად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო და თავდაცვის ეროვნული მრჩეველი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი თავიანთ გამოსვლებში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო ომის ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავენ.
ინვესტორები ახალი სტატისტიკური მაჩვენებლებით დატვირთულ კვირას იწყებენ. სამშაბათს ამერიკაში საცალო გაყიდვების ყოველთვიური მაჩვენებლები გამოქვეყნდება, რომელიც ინვესტორებს გარკვეულ მინიშნებებს მისცემს იმაზე, აპირებს თუ არა ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთის მესამედ აწევას. გარდა ამისა, ოთხშაბათს ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერები გამოქვეყნდება, სადაც აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ არის ლაპარაკი. აქ შესაძლოა დოლარის განაკვეთის შემდგომ აწევასთან დაკავშირებით, გარკვეული მინიშნებები გამოჩნდეს, რასაც ინვესტორები სამოქმედო გეგმის კორექტირებისთვის გამოიყენებენ.
ამ ეტაპზე, გეოპოლიტიკის გარდა, ოქროს ფასის შემდგომ მოძრაობას სწორედ ფედრეზერვის ქმედებები განაპირობებს. იმ შემთხვევაში, თუ დოლარზე განაკვეთის აწევის და ფედრეზერვის მიერ, მის ხელთ დაგროვილი აქტივების ბაზარზე გამოტანის პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიწევს, ეს ოქროზე მოთხოვნას და შესაბამისად, მის ფასს გაზრდის.