ელექტროენერგიის წარმოების ოთხმა ლიცენზიატმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის თხოვნით მიმართა.
საუბარია, შპს „გარდაბნის თბოსადგურზე“, შპს „მტკვარი ენერჯიზე“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ (თბილსრესი) და შპს „ჯიფაუერზე“.
სემეკის ცნობით, 4-ვე შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.
კომისიის დადგენილების გამოცემის ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა - 2017 წლის 8 სექტემბერია.
სემეკმა ამ თბოსადგურებს 2017 წლის ტარიფები გასულ წელს დაუდგინა. 2016 წლის გადაწყვეტილებით, სემეკმა შემდეგი ზღვრული ტარიფები დაადგინა: შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურად - 343 884 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრულ ტარიფად -9.056 თეთრი/კვტსთ; შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 42 256 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი - 14.120 თეთრი/კვტსთ; შპს „მტკვარი ენერჯის“ (N9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასური განისაზღვრა - 6 6264 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი - 12,194 თეთრი/კვტსთ განისაზღვრა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (N3,N4 ენერგობლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასური განისაზღვრა შემდეგნაირად: N3 ენერგობლოკი - 17 513 ლარი/დღეზე; N4 ენერგობლოკი - 18 340 ლარი/დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - 14,234 თეთრი/კვტსთ.
წინა წლის 21 დეკემბერს დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. მათი მოქმედების ვადა კი 2017 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია.