პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა პეკინში მიმდინარე „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფორუმზე, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტი გამოვიდა მნიშვნელოვანი მოხსენებით და ახალი თეზისებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აბრეშუმის გზის გასწვრივ მყოფი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მან დაასახელა ხუთი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ქვეყნებს ერთად, მშვიდობიანად უნდა მოეხერხებინათ თანაცხოვრება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც დღეს ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაერთიანებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე.
თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უპირველესი პრინციპი, რასაც ჩინეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვახვევთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ „ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მიმართულებები ჩვენს ქვეყნებში გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების ერთობლიობისათვის.“
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„ჩვენ არ უნდა გავხდეთ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთის ყველაზე ძლიერი მხარეები, რათა შევავსოთ ერთმანეთი და მივცეთ ერთმანეთს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან საუკეთესოს აღმოჩენაში, რათა შემდგომში უკვე შევავსოთ, მოვახდინოთ სინერგია და მივიღოთ საუკეთესო შედეგი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფორუმის შემდეგ, მას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან.
„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მასთან შევთანხმდით იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში უნდა მოიძებნოს ის მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც არის შესაძლებელი საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ქართულ-ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოსა და ჩინეთის 150-მდე ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.