დარიალის ხეობაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ადგილზე მაინც იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
”ამჟამად არის სტაბილური ვითარება, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ჩვენი სპეციალისტები მაინც ადგილზე იმყოფებიან. ადრეული გაფრთხილების სისტემა ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე გართულებას და ინტენსიურ ღვარცოფულ მოვლენებს ექნება ადგილი, ავტომატურ რეჟიმში, სიგნალი მიეწოდებათ შესაბამის უწყებებს. ამ პერიოდში არის სრული სიმშვიდე, გზა გახსნილია და რაიმე სპეციალური რეჟიმის შემოღებას სააგენტო აღარ გეგმავს”, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.
მისივე თქმით, მაისიდან ნოემბრის დასაწყისამდე მყინვარის ინტენსიური დნობის მაღალი რისკებია და არის მაღალი რისკის ზონაა, შესაბამისად, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, შეუძლებელია.
”რა მომენტში და რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. ამისთვის არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა. როგორც კი რაიმე დაფიქსირდება, სიგნალი მიეწოდება შესაბამის უწყებებს”, - განაცხადა ბაგრატიამ.