„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 558 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.
მას მოსდევს თურქეთი 203.5 მილიონი დოლარით; ხოლო მესამე ადგილზეა - გაერთიანებული სამეფო - 118.8 მილიონი დოლარით.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2% შეადგინა.
უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორების ჩამონათვალშია ასევე ნიდერლანდები (97.2 მლნ დოლარი); ლუქსემბურგი (88.3 მლნ); პანამა (75.7მლნ); ჩეხეთი (64.1მლნ); აშშ (53.6მლნ) და ვირჯინიის კუნძულები (44.5მლნ).
„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1 565.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.