თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით იზრდება. საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული თანხიდან ნახევარი მილიონი მერიის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და თანხა მიმართული იქნება 2015 წელს სტიქიით დაზარალებული მეორე კატეგორიის რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, თანხის ნაწილით რიგ უბნებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.
საკრებულოს ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, სტიქიით დაზარალებულების მიმართ წინასაარჩევნოდ გამოჩენილი ყურადღება ახალი არ არის და მსგავს მეთოდებს ხელისუფლება ხშირად მიმართავს.
თბილისის საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე 40-მდე საკითხი განიხილება.