შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
როგორც არქიტექტურისა და რეკლამის კომპანია იუწყება, მკვლევარებმა ელიავას ბაზრობის ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად არ არის. ფართობი მთლიანად დაფარულია სამშენებლო ნაგვით და ქვაღორღით იმდენად, რომ მკვლევარებს სინჯების აღების პრობლემაც კი შეექმნათ.
"სავაჭრო ცენტრ "დიდუბის" ტერიტორიაზე აღებული გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად მცენარისთვის შესათვისებელი საკვები ელემენტების დამაკმაყოფილებელი მონაცემებისა, გრუნტის შედგენილობა (ნიადაგი 20%, ქვაღორღი 80%) არადამაკმაყოფილებელია მწვანე ნარგავობის გასაშენებლად", - ნათქვამია დასკვნაში.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ხე-მცენარეების ამ ტერიტორიაზე გასაშენებლად საჭირო იქნება ქვა-ღორღის და სამშენებლო მასალის მოხსნა, გატანა ტერიტორიიდან და ამის შემდეგ ახალი ნიადაგის დაყრა ფართობზე.
თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, რომლის საჯარო განხილვები ახლა მიმდინარეობს, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე საკრეკრეაციო ზონა უნდა მოეწყოს.