დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა პეკინის ქუჩის გაცალმხრივების მომხრეა, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ ამ საკითხზე მოქალაქეების გამოკითხვა დაასრულა. გივი კუბლაშვილის განმარტებით, მოქალაქეების უმრავლესობა ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობას მხარს უჭერს.
ამასთან, როგორც საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, გამოკითხვის შესახებ კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ქუჩის გაცალმხრივების თაობაზე შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
’’მოქალაქეების გამოკითხვა, სურთ თუ არა მათ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება, დასრულდა. შედეგებს კი მალე წარმოგიდგენთ. ჩემი ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის უმეტესობას სურს, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იყოს. თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილებას, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა, ერთიანად მივიღებთ მერია, საპატრულო პოლიცია, ტრანსპორტის სამსახური“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.