კაფე-ბარის მენეჯერი - როგორც ჩანს, მერიაში დაჩქარებული წესით აპირებენ აღმაშენებლის გამზირზე არსებული კაფეებისთვის ნებართვების გაცემას

როგორც ჩანს, მერია დაჩქარებული წესით აპირებს ნებართვების გაცემას, რათა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარებმა შეძლონ მათ გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების დადგმა , - ამის შესახებ ერთ-ერთი კაფე-ბარის მენეჯერმა ნინო სიხარულიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კაფე-ბარების წარმომადგენლებს გუშინ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე შეხვდა და არსებული პრობლემები მოისმინა.

”გუშინ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე იყო მოსული. გავიარეთ საკითხები და ამ საღამოს ვფიქრობთ, რომ კაფეს გახსნას შევძლებთ. როგორც ჩანს, დაჩქარებული რეჟიმით აპირებენ ნებართვების გაცემას, რათა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფეებმა შეძლონ მათ გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების დადგმა და კლიენტების მომსახურება”, - განაცხადა ნინო სიხარულიძემ.

როგორც აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფეების ნაწილის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ჯერ არ მიუღიათ ნებართვა, რათა სრულად აამოქმედონ ობიექტი. შესაბამისად, ისინი კვლავ დაკეტილები არიან და არ მუშაობენ.

აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო ზონაზე მდებარე კაფე-ბარების ნაწილს თბილისის მერიიდან რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ წერილი, რომ კაფე-ბარების გარე პერიმეტრზე არსებული მაგიდები და სკამები აეღოთ, თუ მათ ნებართვა არ გააჩნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებოდნენ.

კაფე-ბარების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის მერია ნებართვას დაჩქარებული წესით ითხოვდა და არ აძლევდა მათ გონივრულ ვადას ნებართვის ასაღებად. ასევე, საუბრობდნენ შერჩევით სამართალზე.