ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციებს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად სავარაუდოდ მომავალ წელს გაიტანენ. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ქართლის ქარის ელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. აღნიშნული ტენდერის გამოცხადება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
„ელექტროსადგურის გასასხვისებლად, საჭიროა ჯერ “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გადაკეთდეს. ამ ეტაპზე ვამზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. კონსულტანტის მიერ შემოთავაზებული წინადადებების, მოდელების შედეგად კი გადაწყდება თუ რა ნომინალით, რა ვადით გავიტანოთ აქციები საფონდო ბირჟაზე გასაყიდად. ამასთან, სწორედ კონსულტანტის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, ელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტს ჩვენ დავიტოვებთ თუ არა. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 1 თვიანი ტენდერი ალბათ, აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება და ოქტომბერში უკვე კონსულტანტიც გვეყოლება.,“-აღნიშნა ყაზარაშვილმა.
სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კილოვატ საათ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.
"ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგური 6 ცალი 3,45 მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-3.45 MW) შედგება.