საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით, განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.
„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მერსი თემბონის თქმით, აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე.
”განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში. ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA)”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში.
”განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 31 ივლისს დაამტკიცა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება რიგით მეორე და იმავდროულად დასკვნითი პროგრამაა უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.