უცხოელთათვის ყველა კატეგორიის მიწის საკუთრების შეზღუდვა უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ ეკონომიკასა და განვითარებაზეც.
ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლევან ალაფიშვილის პოსტს.
"შეთავსებით მოქალაქეობა და უცხოელთათვის ყველა სახის მიწის საკუთრების აკრძალვა უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვიდრე პარტიების პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე პოლიტვაჭრობა. რუსეთი ცდილობს მისეული პასპორტიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვიდრებას, შეთავსებით მოქალაქეობის კონსტიტუციაში ჩაწერა კი რუსეთის ამ პოლიტიკის ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს, მნიშვნელოვნად. ჩვენს დღევანდელ და მომავალ მთავრობებს კი პრობლემებს გაუმრავლებს, მნიშვნელოვნად. სამწუხაროდ პარტიები და პოლიტიკოსები ამაზე არ ფიქრობენ და საუბრობენ, ჩანს მანდატები უფრო მნიშვნელოვანია.
უცხოელთათვის ყველა კატეგორიის მიწის საკუთრების შეზღუდვა უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაზე, არამედ ეკონომიკასა და განვითარებაზეც. პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ქართველებსაც, ქართულ ბიზნესსაც, რომელსაც განვითარებისთვის სჭირდება ფული. საინვესტიციო ფული კი უცხეთშია, ჩვენში ჯერჯერობით არ არის. ბიუჯეტის ფულით ბიზნესს ვერ განავითარებ, ეს საინვესტიციო რესურსი არაა", - წერს ლევან ალაფიშვილი.