თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებას ეკონომისტი სოსო არჩვაძე გამოთქვამს.
- პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ასახავს თუ არა მერიის მიერ დაქირავებული კომპანიისეული გენერალური განვითარების გეგმა თბილისში არსებულ პრობლემებს და შეძლებს თუ არა მათ მოგვარებას?
- პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, რადგან თბილისის გენერალური განვითარების გეგმა 1970 წელს შემუშავდა და ის 2000 წლამდე განსაზღვრავდა ღონისძიებებს, თუმცა შევარდნაძის ბრძანებულებით, რამდენიმე წლით გახანგრძლივდა მისი მოქმედება და შეიძლება, ითქვას, რომ ბოლო 10-20 წელია, ყოველგვარი გეგმის გარეშე ვცხოვრობთ.
- ეტყობა კიდეც თბილისს, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს…
- ქალაქი იზრდება და ვითარდება, მაგრამ თვალშისაცემია, რომ სისტემურობა აკლია მის განვითარებას, ამიტომ ცალკეული ჯგუფები ინტენსიურად ითვისებენ ამა თუ იმ ტერიტორიას, მაგრამ მათ შორის სისტემური კავშირი დარღვეულია. თბილისი იმ სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს დირიჟორი და ამიტომ უკრავს კაკაფონიას. ამიტომ საჭიროა რაღაც წესრიგის შემოტანა, მით უმეტეს, რომ თბილისი არ არის მხოლოდ დედაქალაქი და მხოლოდ ემოციური დატვირთვა არ აქვს მას, თბილისზე მოდის ქვეყნის ეკონომიკის ორი მესამედი, ანუ დედაქალაქში იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის, დაახლოებით, ორი-მესამედი. თბილისის ბიუჯეტი კი არის ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის, დაახლოებით, 8 პროცენტი. ანუ რამე არსებითი გარღვევა ქალაქმშენებლობის კუთხით მხოლოდ დედაქალაქის მესვეურთა კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდანაც არ იქნა მხარდაჭერა. ესე იგი, შეუძლებელია, მკვეთრი გარღვევა თბილისში, თუ ამის საშუალებას არ იძლევა საგადასახდო კოდექსი.
- დავაზუსტებ: შემუშავებული გენგეგმის განხორციელებას დედაქალაქის ბიუჯეტი არ ეყოფა, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან არ გამოიყო თანხა?
- თბილისის ბიუჯეტი არის 800 მილიონი ლარი და ამის ნახევარი მოდის ცენტრალურ ბიუჯეტზე. თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა არა მარტო თბილისისადმი, არამედ სხვა თვითმმართველობების მიმართ და თვითმმართველობის სუბიექტებს არ მიეცა თავიანთ ტერიტორიაზე მოგროვებული გადასახადების ნაწილის განკარგვის უფლება, სულ იქნება დამოკიდებულება ცენტრალურ ბიუჯეტზე, ანუ პროპორცია ყოველთვის ცენტრის სასარგებლოდ იქნება და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება საკუთარი რესურსების გარეშე ეს იქნება მხოლოდ სურვილები.
- თუ სწორად გავიგე, გენგეგმა არის კეთილი სურვილების ერთობა? ამ დოკუმენტს არ ახლავს ფინანსური დასაბუთება, თუმცა მისი დაწერა საკმაოდ ძვირი დაჯდა: 2,8 მილიონი ლარი. ამ ტიპის დოკუმენტი არ უნდა მოიცავდეს ფინანსურ დასაბუთებას?
- ეტყობა, ბიბილიურ ჭემშმარიტებებს დაეყრდნენ შედგენისას, დასაბამიდან იყო სიტყვაო, ანუ ჯერ დოკუმენტის სახით ჩამოაყალიბეს და ამის შემდეგ დაიწყებენ შესაბამისი თანხის მოძიებას. ეს ხუმრობით, თორემ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს დაგეგმარების მხრივ.
რამდენიმე მაგალითს მოვიტან: იმისთვის, რომ თბილისი განვითარებულიყო, რუსეთის იმპერიის დროს მაშინდელი გოლოვინის პროსპექტის ქვედა ნაწილზე გადასახადები მიწაზე, დაახლოებით, 4-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ზედა ნაწილში, სადაც მთავრობის წევრთა სასახლეები იდგა, ამიტომაც რუსთაველის თეატრის, ოპერის შენობები ქვედა ნაწილზე აშენდა, მიწა იაფი ღირდა და ამით სტიმული მისცა მშენებლობებს.
მაგალითად, ნიუ იორკში იმისთვის, რომ ზემოქმედება მოეხდინათ არქიტექტურაზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-ან წლებში მიიღო კანონი მათმა ადგილობრივმა მმართველობამ, რომ შენობების სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო ქუჩის სიგანეზე 1,5-ჯერ მეტი. ანუ, თუ ქუჩის სიგანე 50 მეტრი იყო, ფასადი ვერ იქნებოდა 75 მეტრზე მეტი. მაგალითად, ინგლისში, შუა საუკუნეებში გადასახადებს ადგენდნენ შენობაზე ფანჯრების რაოდენობის მიხედვით: რაც მეტი ფანჯარა ჰქონდათ, მით მეტს იხდიდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს ქალაქის განვითარებაზე: მათ შორის, ურბანულ განვითარებაზე დაწესებული შეზღუდვებით, წახალისებით და არა მხოლოდ გადასახადებით. ამდენად, ვფიქრობ, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დედაქალაქის შემდგომი განვითარებისთვის.
- ეტყობა ამ დოკუმენტს, რომ დედაქალაქის მთავრობა აპირებს ამ ტიპის ბერკეტების გამოყენებას?
- თბილისში ძალიან ბევრი უსისტემო მშენებლობებია. მაგალითად, სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიას პირადად მე ვუწოდებ „ღაზას სექტორს“, იმდენად მჭიდროდაა დასახლებული, რაც პერსპექტივაში კარგს არაფერს მოიტანს.
თან, დედაქალაქში ერთი ტენდენცია შეინიშნება ურბანული კუთხით: იმ უბნებში, რომლებშიც განვითარებულია მშენებლობა, ინფრასტრუქტურა და კაპიტალიზაციის სხვა ფორმები, უძრავი ქონების ფასი იზრდება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ტერიტორიის ზედმეტი გაჯერება შენობა-ნაგებობებით მინუსით მიდის: ანუ, რაც მეტი შენობა აშენდება ამ ტერიტორიებზე, დანარჩენი აშენებულის საბაზრო ღირებულება კი არ იმატებს, არამედ – იკლებს, იმიტომ რომ უარესდება ეკოლოგია, პარკირების პრობლემა. ეს დღეს უკვე თბილისის ბევრ უბანშია პრობლემა.
- თბილისის სპონტანურ განვითარებაში რამე ტენდენცია თუ შეიმჩნევა? მტკვრიდან რომ ქალაქს გახედავ, ეს არის შენობების გროვა, რომელიც თვალსაც კი აწუხებს...
- ტრადიციულად, თბილისს ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიებენ, როგორც მდინარე მტკვრის გამჭოლ ტერიტორიაზე გაშენებულ ქალაქს, მაგრამ ახლანდელ ტერიტორიას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით, საბურთალოსა თუ ახლად შემოერთებული სოფლების მიმართულებით, განივი მანძილი უკვე აღემატება გრძივს, ანუ მდინარე მტკვრის გაყოლების მასშტაბებს. ასეთ პირობებში რთული იქნება, შევინარჩუნოთ მხოლოდ ერთი ცენტრი: რუსთაველის გამზირი იქნება ეს თუ თავისუფლების მოედანი. ბევრ ქალაქს აქვს რამდენიმე ცენტრი და, ვფიქრობ, ჩვენს ქალაქში უნდა გვქონდეს რამდენიმე ცენტრი. თბილისი განფენილია, დაახლოებით, 800 კვადრატულ კილომეტრზე, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 1,2- პროცენტია, მისი წონა ეკონომიკაში გითხარით, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობას: აქ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი. ანუ ქვეყნის ყოველი მეორე მოქალაქე ცხოვრობს დედაქალაქში. ეს ანომალიაა, ეს მაჩვენებელი 25-პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს, რომ ვთქვათ, რომ ქალაქი ვითარდება ნორმალურად. ამჟამად მისი განვითარება არის ანომალიური.
- თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმაში ასახულია დედაქალაქის განვითარების არაანომალიური ხედვა?
- ახალი ვარიანტი ლაპარაკობს მიწათსარგებლობაზე და ღირებულებითი ინდიკატორები ნაკლებადაა. დეკლარაციის დონეზეა სურვილები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით არაფერია გათვალისწინებული.
- მეტროპოლიტენი ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ თბილისის მიწისქვეშეთი დაიქსელება მეტროსადგურებით, რაც განტვირთავს მიწისზედა მოძრაობას?
- საუბარია იმაზე, რომ უნდა განვითარდეს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ასეთი ზოგადი კანონზომიერება: მეტროპოლიტენის აშენების პოტენციალი გააჩნია იმ ქვეყანას, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე არის 20 000 აშშ დოლარი და მეტი.
- როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ დიდხანს არ გვექნება საამისო პერსპექტივა...
- დიახ, ჯერ შესაბამისი პოტენციალი არ გაგვაჩნია. საბჭოთა დროს არსებობდა გეგმა, რომ ვაზისუბანში დამატებოდა ოთხი მეტროსადგური, ასევე, კოლმეურნეობის მოედნიდან მეორე ჩასასვლელი თავისუფლების მოედანზე, გაგრძელებულიყო საბურთალოს ხაზი, დღევანდელი საარბრიუკენის მოედნის გავლით ვაკეში ასულიყო ბაგებისკენ. ერთ ხაზის აშენება იყო გათვალისწინებული თბილისის ზღვის გარშემო, მაგრამ ეს ფინანსდებოდა საკავშირო ბიუჯეტიდან და დამოუკიდებელ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს. თუმცა ჩვენ შეიძლება, გავყინოთ ხელფასები, პენსიები, უარი ვთქვათ ავტობანზე და მეტროპოლიტენი მივიყვანოთ ბოლომდე.
- ასევე, საუბარია ტრამვაის ამოქმედებაზე. ეს მართლაც კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. როდესაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ტრამვაის ლიანდაგები აყარეს და გაყიდეს, სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ჩვენ მსგავსი ხარისხის ლიანდაგებს ვეღარ შევიძენდით, მით უფრო, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტრამვაის აღდგენის ფინანსური პოტენციალი აქვს დედაქალაქს?
- ნებისმიერი ღონისძიება ფინანსებს უკავშირდება. იგივე ტრამვაის ხაზის მშენებლობაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ მეტროზე იაფი ჯდება, 2,5-3-ჯერ, ერთი კილომეტრი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, ეს უფასო არ არის და ძვირი ღირს.
- ტრამვაი წაართმევს სამოძრაო ხაზს ავტომანქანებს, გათვლილია, რომ ისედაც გაუვალ თბილისს კიდევ ტრამვაის ხაზი დაემატება?
- უნდა შეირჩეს ის გზები, რომლებიც შედარებით განიერია, ცენტრში ტრამვაის ლიანდაგის დაგებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, ისედაც გადატვირთულია მოძრაობა და მიწისქვეშა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ.
- გეგმას არ ახლავს თან ფინანსური გათვლები და ეკონომიკური დასაბუთება. მაშინ რა აზრი აქვს მიღებას?
- უფრო მძიმედ იქნებოდა საქმე, გეგმა რომ არ იყოს, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად შესრულდება ის, რაც იქ წერია. მეორე მხრივ, თბილისს აქვს კავშირი მსოფლიოს 19 ქალაქთან და მიზანშეწონილი იქნებოდა იმ ქალაქების გამოცდილების გათვალისწინება, რომ ველოსიპედის გამოგონება ხელახლა არ დაგვჭირდეს.
- თუ ამ გეგმას ვერ გადაუხვევ 2030 წლამდე, რა აზრი აქვს იმის დამტკიცებას, რასაც ვერ შეასრულებ?
- კონსტიტუცია იცვლება და გენერალური გეგმის შეცვლას რა შეუშლის ხელს?! ამას გარკვეულწილად წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს და გათვლილია იმის საჩვენებლად, რომ აი, ქალაქის ხელისუფლება მუშაობს.
- 2,8 მილიონი ლარი არის ამ ტიპის დოკუმენტის მოსამზადებლად ადეკვატური თანხა?
- მაშინ უნდა ჩავთალოთ, რომ თავად ის, რაც გეგმაში წერია, ანუ პროექტი მრავალ ასეულ მილიონ ლარზეა გათვლილი, იმიტომ რომ პროპორცია უნდა იყოს დაცული. მაგრამ, მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციების 80-85 პროცენტი თბილისზე მოდის, ამიტომ, როდესაც უცხოური კაპიტალი ასეა დაინტერესებული თბილისით, ხელისუფლებაც ვალდებულია, რომ სისტემურ ჩარჩოში მოაქციოს დედაქალაქის განვითარება. ძირითადი მიმართულება მაინც უნდა მისცეს, რომ აგრძნობინოს თავის მოქალაქეებსაც, პოტენციალურ ამომრჩევლებსაც, უცხოელ ინვესტორებსაც, რომ აკონტროლებს პროცესს და ქალაქი ვითარდება გარკვეული გეგმით. ასეთ ხელისუფლებასთან ესე იგი ურთიერთობა ღირს, აი, ამის სადემონსტრაციოდაა ეს დოკუმენტი.