სოციალურ ქსელში შემთხვევით კორეელი მეგობრის ფოტოს წავაწყდი წარწერით: "მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული".
ეს ფრაზა ბევრი ქართველის ფოტოებზე გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომის თარიღის აღსანიშნავად, თუმცა უცხო ეროვნების ადამიანის თანაგრძნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა.
დევიდ ჩა ჰო პარკს სწორედ მისი ფოტოს გამო დავუკავშირდით, შეხვედრა დავთქვით და ასე მოვისმინე მისი საოცარი თავგადასავალი საქართველოში.
დაკარგული 8 მილიონი და თავიდან დაწყებული ცხოვრება
- წარმოშობით კორეელი ვარ და ჩემი სამშობლო კორეაა, მაგრამ საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლო და მეორე სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს. თავს ქართველად მივიჩნევ. 2008 წელს ომის დროსაც აქ ვიყავი. ვგმობ რუსეთის მხრიდან ძალადობას და მინდა, ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ.
ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი ერთ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. 2007 წლის ჩათვლით სამხრეთ კორეაში დეველოპერად სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, ვიყავი ძალიან მდიდარი, დიდ ქონებას ვფლობდი. სამხრეთ კორეაში არსებულმა ერთ-ერთმა ბანკმა შემომთავაზა თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მეყიდა მიწის ნაკვეთი, სამომავლოდ ბიზნესის აქ წამოწყების მიზნით. ამ წინადადებამ დამაინტერესა და თბილისში ჩამოვედი. სამწუხაროდ, თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. 2008 წელს საქართველოში განვახორციელე 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია, თუმცა ძალიან მალე გავიგე, რომ არც ტერიტორია მქონდა, რომელშიც მილიონები გადავიხადე და აღარც კუთვნილი მილიონები.
2010 წელს მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს. დამპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, შევხვდი დავით საყვარელიძეს (იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე - ავტ.) და პრეზიდენტ სააკაშვილამდეც მივიდა საქმე, ყველა მპირდებოდა, რომ კუთვნილ თანხას დამიბრუნებდა, მაგრამ...
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ გამიჩნდა იმედი დამებრუნებინა ქონება, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილს სამჯერ შევხვდი, პროკურატურაშიც ვიყავი, დაიწყეს საქმის ხელახალი გამოძიება, მაგრამ არანაირი შედეგი... 8 მილიონი დავკარგე და ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში სამხრეთ კორეაში არსებული ბიზნესის საქმეც უკან წავიდა. იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილი მინდოდა, ჩემი შვილები პატარები იყვნენ მაშინ და ამის უფლება არ მქონდა. უკან სამხრეთ კორეაში დაბრუნება გამოვრიცხე, რადგან ჩემი კუთვნილი ფინანსური აქტივების გარდა ბანკიდან სესხი ავიღე, რომ საქართველოში ინვესტიცია განმეხორციელებინა, შესაბამისად, კორეულ ბანკთან პრობლემები შემექმნა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მე ჩემს ქვეყანაში ახალ საქმეს ვეღარ დავიწყებდი. აღარ მქონდა სახლი, არც სახსრები და ვეღარც შვილები დამყავდა სკოლაში, მაშინ დავიწყე ფიქრი რა შეიძლებდა საქართველოში გამეკეთებინა.
სკოლის წიგნებიდან ნასწავლი საქართველოს ისტორია და ახალი წამოწყება
მსოფლიოში სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან არიან ცუდი ადამიანები, თუმცა მათი რიცხვი ბევრად ნაკლებია კარგზე.
სამხრეთ კორეაში ჩემი ცხოვრება დამთავრდა და გადავწყვიტე საქართველოში თავიდან დამეწყო ყველაფერი. ვთვლი, რომ ქართველი ვარ, დავირქვი ქართული სახელი დევიდი - დათო, რომ გაუადვილდეთ ქართველებს ჩემთან ურთიერთბა და ქართულიც ვისწავლე. მინდოდა კორეელებისთვის საქართველო გამეცნო.
2013 წლამდე გიდად ვმუშაობდი, 2013 წელს მთლიანად გადამეწურა პროკურატურის მხრიდან წართმეული ქონების დაბრუნების იმედი და გიდობის პროფესიის ძირფესვიანად შესწავლა დავიწყე. დავდიოდი ექსკურსიებზე, ვყიდულობდი ბროშურებს ამ ადგილების შესახებ, ვქირაობდი გიდებს და ვახსნევინებდი ყველა დეტალს. თავიდან ჩემი შვილები საერთაშორისო სკოლაში დადიოდნენ, ფინანსურად როცა გაგვიჭირდა საჯარო სკოლაში გადავიყვანე, შვილების ისტორიის წიგნები ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში. ასე დაიბადა იდეა შემექმნა ტურისტული სააგენტო. კორეელებმა 2013 - 2015 წლებში დაიწყეს აქტიურად საქართველოში ჩამოსვლა. შარშან 8000 ადამიანი იყო ჩამოსული, წელს 15000-ს ვვარაუდობ. კორეულ საიტზე განთავსებული მაქვს საქართველოს შესახებ ინფორმაცია, რომელსაც დღეში საშუალოდ 500 ადამიანი კითხულობს, ასე მიკავშირდებიან მოგზაურობის მსურველები.
ყველაზე მეტად კორეელებს ქართული ტრადიციები მოსწონთ, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არის დარჩენილი და სამწუხაროდ, აღარ გვაქვს სამხრეთ კორეაში ეკონომიკის სწრაფი განვითარების შემდეგ. საქართველოზე იმდენს ვლაპარაკობ ხოლმე, რომ მეკითხებიან - ქართველი ხარო?
კორეელები აღფრთოვანებულები არიან ბუნებით, ქართული სამზარეულოთი, კულტურითა და ფოლკლორით, არიან ისეთი ტურისტებიც, რომლებიც კვლავ ბრუნდებიან საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კორეელი ტურისტები აქ ჩამოსვლისას არამარტო საქართველოს არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც მოინახულებენ, გამგზავრების წინ ყოველთვის ამბობენ, რომ კავკასიაში ჩამოსვლა მხოლოდ საქართველოსთვის ღირს.
პირველი კორეელი, რომელმაც თავის დროზე საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა ლი გვანგ ბოგია, რომელმაც პირველად საქართველოს შესახებ 2000 წელს შეიტყო.
ლი გვანგ ბოგი, საქართველოში კორეის ასოციაციის პრეზიდენტი:
- საქართველოს შესახებ პირველად 2000 წელს, სტამბოლში, ჩემი თურქი პარტნიორისგან შევიტყვე. 2001 წელს ცნობისმოყვარეობამ მძლია და თბილისში ჩამოვფრინდი, როგორც კი თვიმფრინავიდან ტრაპზე აღმოვჩნდი, შეცბუნდი, ირგვლივ საოცარი სიბნელე იყო. თუმცა მეორე დილით, როცა თბილისი დავინახე, საოცრად მოვიხიბლე. პირველ რიგში რამაც მომნუსხა ჰაერი იყო, სუფთა ჰაერი (კორეაში ასეთი ჰაერით განებივრებულები არ ვართ). შემდეგ ქალაქი თავისი ძველი უბნებით. პირველ დღეებში ბევრი რამ მაკვირვებდა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში შუქი არ იყო, ხანდახან არც წყალი და არც სამუშაო, ქუჩებში გაჭირვება არ შეიმჩნეოდა. ყველას გემოვნებით ეცვა და ძალიან გულღიად მხვდებოდნენ. იმ წლებში საქართველოში ხშირად მიწევდა სიარული ბიზნესის გამო, თუმცა აქ დარჩენა უკვე 2005 - ში გადავწყვიტე..
ერთი მუჭა ბრინჯისთვის...
1950 წელს კორეაში ომის დამთავრების შემდეგ (რასაც კორეის ნახევარკუნძულის გაყოფა მოჰყვა- ავტ.) ქვეყანაში ყველაფერი განადგურებული იყო. თავიდან მოგვიწია ქვეყნის აშენება, ამიტომ ბევრი ძველი რამ ვერ შევინარჩუნეთ. ძალიან დიდი გაჭირვება იყო მთავარ პრობლემას საკვები წარმოადგენდა. მილიონობით ადამიანი სამხრეთ კორეაში მზად იყო უფულოდ ემუშავა, ერთი მუჭა ბრინჯისთვის შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. როდესაც 10 წლის შემდეგ ქვეყანამ ფეხზე წამოიწია, მთავარი პრიორიტეტი გახდა განათლება და მხოლოდ განათლება.. რაშიც მოსახლეობას მხარი ხელისუფლებამაც დაუჭირა. სწორედ თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს, თუმცა ბევრი ტრადიცია დავკარგეთ, ძველი ქალაქები მეგაპოლისებმა შეცვალა, ამიტომაა რომ ჩვენ, კორეელებს, ძალიან მოგვწონს თქვენი ტრადიციები, ძველი ქალაქები, ხელშეუხებელი ბუნება, სამზარეულო, ცეკკვა, სიმღერა და ა.შ. საქართველოს ტურიზმის განვითარების მხრივ მართლაც რომ შესაშური პოტენციალი აქვს.
კორეაში ვინმეს რომ მიადგე უფულოდ და ღამის გათენება ან საჭმელი სთხოვო, უმრავლესობა უარს გეტყვის, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ისევე, როგორც სხვაგან, ფული ბევრ რამეს წყვეტს, თბილისში არ ვიცი, მაგრამ სოფლებში დარწმუნებული ვარ, გაჭირვებაში მყოფს პურს და ჭერს არავინ დაამადლის, აი რა მოგვწონს და გვიზიდავს ქართველებში.
სვანური მარილი, ჯონჯოლი და ღვინო
მიუხედავად იმისა, რომ კორეა საქართველოდან ძალიან შორს არის, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, პირველ რიგში ისტორია, ჩვენვ ქართველებივით მებრძოლი ერი ვართ და მუდმივად გვიწევდა თავის დაცვა დიდი მეზობლებისგან, ამიტომ დღეს ძალინ ბევრს ვმუშაობთ, რომ კორეაში საქართველოზე უფრო მეტი იცოდნენ და პირიქით. ხშირად ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, კინოფესტივალს, კონცერტებს, და რაც მნიშვნელოვანია, ვცდილობთ ადგილობრივ მეწარმეებს ხელი შევუწყოთ, მაგალითად, ყოველწლიურად, ოქტომბერში სეულში იმართება ფერმენტირებული საკვების დიდი გამოფენა, სადაც მთელი აზიის ქვეყნებია წარმოდგენილი, საქართველო წელს მეორედ წარსდგება გამოფენაზე. შარშან ძალიან მოეწონათ სვანური მარილი, ფიქრობენ, კორეულ სამზარეულოში გამოიყენონ, ასევე ძალიან მოსწონთ მწნილები, განსაკუთრებით, ჯონჯოლი. ჩვენ ქართველ მეწარმეებს ვთავაზობთ გამოფენაზე ადგილს უფასოდ, აგრეთვე სასტუმროს და ა.შ. ქართულ ღვინოს კი კორეაში წარდგენა არ სჭირდება, მას დღეს უკვე თითქმის ყველა ოჯახში სვამენ.
ცნობილია, რომ ძალიან შრომისმოყვარე ერი ვართ, ქართველებზე ხშირად გამიგია ზარმაცები არიანო, მაგრამ ასე არ არის, აქ უბრალოდ მოტივაციის პრობლემაა. და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს, რა თქმა უნდა.
ჩვენ კორეელებს ომის ფობია გვაქვს და რა თქმა უნდა, ომი კორეის ნახევარკუნძულზე აღარ გვინდა. შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ და იმედია, რომ ბოლო დროს კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მშვიდობიანად ჩაწყნარდება..
საქართველოს მიმართ ინტერესი სამხრეთ კორეაში დღითიდღე მატულობს და შესაბამისად, თბილისშიც იქაური ტურისტების რაოდენობაც.. როგორც ამბობენ, ეს იმ სატელევიზიო პროექტების დამსახურებაა, რომელსაც თურმე ხშირად იღებენ საქართველოში.
იხილეთ გაგრძელება