არ მგონია, რომ ელიავას ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი იყოს გამწვანებული სივრცის მოწყობა.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ელიავას ტერიტორია სამშენებლო ნაგვით არის დაფარული და იქ მწვანე საფარი ვერ მოეწყობა.
თბილისის მერი შპს “მუპიტესტის” მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა და განმარტავს, რომ დღემდე არავის უნახავს, რას ეყრდნობა ეს კვლევა.
“მეეჭვება ეს კვლევა და ამ კვლევის შედეგები. არავის უნახავს თავიდან ბოლომდე კვლევა დღემდე და ის, თუ რას ეყრდნობა. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი იმ შემთხვევაში, თუ მივიღებდი ასეთ კვლევას. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარს და არ მგონია, რომ ელიავას ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი იყოს გამწვანებული სივრცის მოწესრიგება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, თბილისის მერიის მიდგომა ისეთია, რომ ბაზრობები ცივილიზებულად იყოს მოწესრიგებული ისე, რომ დაცული იყოს რეკრეაციული პირობები. ამასთან, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული ნორმები.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სწორედ ამაზე მიმდინარეობს საუბარი აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეებთან.
შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ არქიტექტურისა და რეკლამის კომპანიიდან აცნობეს, მკვლევარებმა ელიავას ბაზრობის ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად, არ არის. ფართობი მთლიანად დაფარულია სამშენებლო ნაგვით და ქვაღორღით იმდენად, რომ მკვლევარებს სინჯების აღების პრობლემაც კი შეექმნათ.