აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარებს მას შემდეგ ექნებათ მუშაობის გაგრძელების უფლება, როდესაც საიჯარო ქირას გადაიხდიან და ბარის ვიზუალს არქიტექტურის სამსახურთან შეათანხმებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ქალაქის სხვა ნაწილში მდებარე უნებართვო კაფე-ბარებსაც ეხება.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქში მდებარე უნებართვო კაფეებთან დაკავშირებით, მონიტორინგი მიმდინარეობს.
’’კაფე-ბარების მეპატრონეებმა უნდა აიღონ თანხმობა იჯარაზე, ისევე, როგორც არქიტექტურის სამსახურთან უნდა შეთანხმდეს ვიზუალი. ეს არამხოლოდ აღმაშენებელს ეხება, ქალაქის სხვა ნაწილებშიც მიმდინარეობს მონიტორინგი უნებართვო ღია კაფეებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაემორჩილოს წესებს. ასე რომ, როგორც კი გადაიხდიან საიჯარო ქირას და ვიზუალს შეათანხმებენ არქიტექურის სამსახურთან, ყველას ექნება უფლება, რომ გააგრძელონ მუშაობა’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ. აღნიშნული მითითების შემდეგ, ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა.