ის ფაქტი, რომ ექსპერტების დასკვნით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამწვანება შეუძლებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა , - ამის შესახებ „პოლიტიკური პლატფორმა -ახალი საქართველოს" გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა შამათავამ, შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
თამთა შამათავა ლაბორატორიული კლევის შედეგებს ირონიულს უწოდებს.
"ის ფაქტი, რომ ექსპერტების დასკვნით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამწვანება შეუძლებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა. როგორი დასაჯერებლია, რომ მიწაზე ხეების დარგვა შეუძლებელია, როცა შენობების სახურავების ვერტიკალური გამწვანება ერთგვარ ტრენდად იქცა და იმაზე ვმსჯელობთ, ორანჟერეა მოვაწყოთ სახურავზე თუ ბოსტანი. დავით ნარმანიასაც კი წამოცდა ვერტიკალური გამწვანების თაობაზე, რაც მისასალმებელია.
ამ ფონზე, საინტერესოა, საიდან მოიტანეს, ვის მოაფიქრდა ან ვის დააწერინეს ეს დასკვნა? ვინ გადაწყვიტა, რომ მიწაზე ხეები ვერ ირგვება ან ვის ინტერესებს ემსახურება?!
პარადოქსია, მაგრამ ნარმანიას უნდობლობას ამ ლაბორატორიული კვლევის მიმართ სრულიად ვეთანხმები. რა გახდა ერთი გაუბედურებული ელიავას ტერიტორიის გამწვანება, რატომ არის ეს შეუსრულებელი მისია? სრულიად შესაძლებელია, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდეს სარეკრაციო ზონის მოწყობა და ამავდროულად, შეინარჩუნოს თავისი ფუნქციაც", - განაცხადა თამთა შამათავამ.
შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ არქიტექტურისა და რეკლამის კომპანიიდან აცნობეს, მკვლევარებმა ელიავას ბაზრობის ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად არ არის. ფართობი მთლიანად დაფარულია სამშენებლო ნაგვით და ქვაღორღით იმდენად, რომ მკვლევარებს სინჯების აღების პრობლემაც კი შეექმნათ“.
თბილისის მერი შპს “მუპიტესტის” მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა და განმარტავს, რომ დღემდე არავის უნახავს, რას ეყრდნობა ეს კვლევა.