თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის N 82-ში ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე და 6-ის გადარგვაზე.
თბილისის მერიის განმარტებით, შპს „მესხი“ საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზირ N82-ში - 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხის“ განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზირ N82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ჭავჭავაძეზე ხეების მოჭრის საპროტესტოდ „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებმა გუშინ, თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემის შეჩერებას ითხოვენ.