ნატა ფერაძე არჩევნებამდე ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

“პარტიზანი მებაღეების” დამფუძნებელი ნატა ფერაძე დედაქალაქის მერიაში განცხადებას დღეს შეიტანს. ფერაძე არჩევნებამდე ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

ნატა ფერაძე მერიაში გუშინ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად იმყოფებოდა და იატაკზე იჯდა. დაახლოებით 19:30 საათზე მათ შენობა თამბაქოს მოწევის მიზნით დატოვეს და როდესაც 19:40 საათზე მერიაში შესვლა ისევ სცადეს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი შენობაში აღარ შეუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან საპატრულო პოლიციის დაახლოებით ათამდე წარმომადგენელი იმყოფებოდა, ნატა ფერაძემ შეტყობინება ”112”-ში დატოვა და პატრული გამოიძახა. ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მან უთხრა, რომ მერიაში განცხადება ჰქონდა შესატანი და დაცვა არ უშვებდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მას გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ნატა ფერაძე სამართალდამცავს არ გაჰყვა იმ მოტივით, რომ მერია 20:00 საათზე მუშაობას ასრულებდა. ფერაძემ გენინსპექციასაც მიმართა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შენობაში მერიის თანამშრომლებს გაესაუბრნენ და ფერაძეს აუხსნეს, რომ მერიის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ფერაძე მანამდე შენობაში იმყოფებოდა, თუმცა მას განცხადება არ დაუწერია. 20:00 საათზე კი სამუშაო საათები დასრულდა.

ფერაძის თქმით, ”პარტიზანი მებაღეები” შენობაში ყოფნისას მერიისგან პასუხს ელოდნენ და შენობიდან მოსაფიქრებლად გამოვიდნენ. ”როცა განცხადების შეტანა გადავწყვიტეთ, აღარ შეგვიშვეს”, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, მერიაში განცხადებას დღეს შეიტანს, ასევე ნატა ფერაძის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი საკრებულოში გამწვანების სამსახურის უფროსს დაიბარებს.

ორგანიზაცია “პარტიზანი მებაღეები” ჭავჭავაძის #82-ში ხეების მოჭრას აპროტესტებს.