აზიური ფაროსანა სამეგრელოში სიმინდს ანადგურებს

უკვე თითქმის განადგურებული თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სამეგრელოში სიმინდს უტევს.

ადგილობრივების თქმით, ჯერ კიდევ ნედლი სიმინდის ტაროები თითქმის შეჭმულია, უვარგისია ჩალაც. სიმინდის ფოთლები ფაროსანას ახალმა, მესამე თაობამ გაანადგურა.

"ახლა ჭყინტი სიმინდის სეზონია და ვისაც ნაადრევი ნათესები აქვს, სიმინდის ტაროს მარცვლებიც ექნება, მაგრამ ფაროსანამ წელს არც ხოჭოსთან მიგვიშვა. სასოწარკვეთილები ვართ, მოსახლეობის შემოსავალი ეს იყო, თხილი და სიმინდი. დახმარება ვითხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. თავად მიხედეთ, თორემ სიმინდიც ოხრად დაგრჩებათო, გითხრეს. როგორ უნდა მივხედოთ, როდესაც ისიც არ ვიცით, როგორ ვებრძოლოთ სიმინდის ყანას, რომელსაც ერთ ტაროზე რამდენიმე ათეული ხოჭო აქვს შესეული", - ამბობს ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ნანა ჯანაშია.

ადგილობრივების თქმით, ფაროსანა მხოლოდ თხილისა და სიმინდის კი არა, ყველანაირი მცენარის მტერია. განსაკუთრებით, ე. წ. დაბალი ზონის სოფლები გაანადგურა.

"გალის რაიონის მოსახლეობაც ამაზე უარეს დღეშია. როგორც ვიცი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერტმფრენებით შეწამლა, მაგრამ ახალმა თაობამ ზუსტად იმ გვალვებს მოუსწრო და ცხელი ამინდი მათთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოვიდა. პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხილი, მწვანილი, - ყველაფერს ხოჭო ჰყავს შესეული", - ამბობს გალის რაიონის მკვიდრი, რომელსაც მიწის ნაკვეთი ენგურს გადმოღმაც აქვს, თუმცა წელს შესაძლოა სარჩოს გარეშე დარჩეს.

არსებული ინფორმაციით, აზიური ფაროსანა, საქართველოში წლებია ბინადრობს, თუმცა, ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა. ადგილობრივების თქმით, ე.წ. სუნიანი ხოჭო, სამეგრელოში არაერთხელ შეუნიშნავთ, მაგრამ მხოლოდ ადრიან შემოდგომაზე და ძალიან მცირე რაოდენობით. ახლა კი, ადრიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და გვიან შემოდგომამდე ხეებზე იკვებება. შემდეგ, კი, ზამთარში, სახლში, სხვენსა და სხვა თბილ ადგილებში ცდილობს გამოზამთრებას.

მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის 2014 წელს, რუსეთის შავიზღვისპირეთში, რუსეთის ნავსადგურებიდან მაშინ გავრცელდა, როდესაც სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მიმდინარეობდა მზადება. ფაროსანა აზიის ქვეყნებში ხე-ტყით დატვირთულ გემებს შემოჰყვა. საქართველოს თბილ კლიმატში ფარასონა ადვილად გამრავლდა.

იხილეთ აგრეთვე: დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი თითქმის განადგურებულია

ლალი პაპასკირი