საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში წერია, რომ ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”.
2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე სასწავლო წლისთვის 1 ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.