მეორე კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 91,9 ათასი სული პირუტყვი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც საქსტატი იუწყება, 2017 წლის II კვარტალში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18,9% მდებარეობს იმერეთში, 16,2% - ქვემო ქართლში, 16,2% - კახეთში, 13,5% - შიდა ქართლში, 12,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23,0% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 91,9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49,9% მსხვილფეხა, ხოლო 50,1% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2499,1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში 9596,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 41,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36,9% - ფრინველის, 19,2% - ღორის, 2,0% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,002% - სხვაზე. მომსახურება გაეწია 21,1 ათას პირს, საიდანაც 20,8% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 818 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,4 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 21,8 ლარი.

რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობებს. 2017 წლის II კვარტალში საქართველოში 26 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისსა (38,5%) და იმერეთშია (30,8%). მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლისა (15,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15,4%) რეგიონში.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 6722 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 344 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 986 კაცით განისაზღვრა.

2017 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 62,6 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 58,3% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,2% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,0% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,9 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,8 მლნ. ლარი შეადგინა.

2017 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 22,9 მლნ. ლარის ღირებულების (5.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (53,6%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 96,6% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (35,8%), ხილი და ბოსტნეული (27,6%) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის ნახევარფაბრიკატები) (21,1%) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 70,0%-ს, მაისში - 67,1%-ს, ხოლო ივნისში - 66,9%-ს.

რაც შეეხება ელევატორებს. 2017 წლის II კვარტალში საქართველოში 24 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (58,3%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 25,0% ფუნქციონირებს თბილისში, 8,3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 8.4% გურიისა და შიდა ქართლის რეგიონშია წარმოდგენილი.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 26 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 40 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1062 კაცით განისაზღვრა.

2017 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 179,1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 82,0%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2017 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 59,1 მლნ. ლარის ღირებულების 91,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 69,8% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 78,3%. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 61,5%-ს, მაისში - 52,6%-ს, ხოლო ივნისში - 56,7%-ს.