გერმანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია BMW-მ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სრულიად ახალი კონცეპტუალური როდსტერი წარმოადგინა.
სტუდიური მოდელი სახელწოდებით The Concept Z4 კომპანიის ახალ ხედვას წარმოადგენს როდსტერების სეგმენტში.
კომპანიის მთავარი დიზაინერის ადრიენ ვან ჰოიდუკის განცხადებით, ახალი მოდელით კომპანიამ მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორი იქნება მისი სერიული წარმოების Z4.
აღსანიშნავია, რომ გერმანელები სერიულ მოდელს იაპონურ „ტოიტასთან“ თანამშრომლობით აწარმოებენ და მისი გაყიდვები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.
ავტომობილი მიიღებს საზიარო მსუბუქ პლატფორმას, რომელსაც ასევე მოირგებს Toyota Supra. ახალი ავტომობილი ზომაში უფრო გაიზრდება და რამდენიმე სახის ძალისმიერი აგრეგატით გამოვა. მისი სახურავი წინამორბედისგან განსხვავებით ნაჭრის იქნება, ხოლო რაც შეეხება დიზაინს, ის ამჟამად მოქმედი მოდელისგან ვიზუალურად ძალიან განსხვავდება.
კონცეპტუალური ავტომობილის პრემიერა Pebble Beach-ის საავტომობილო გამოფენაზე მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის როდსტერების სეგმენტი ამერიკაში რეგრესს განიცდის, ის სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში, სადაც ამ სეგმენტში გაყიდვების ლიდერებად Mercedes-Benz, Mini და Porsche გვევლინებიან.
კოკა კვირკველია