პატარა უფლისწულები: როგორ ცხოვრობენ ტრამპისა და ლუკაშენკოს ვაჟები

დონალდ ტრამპის 11 წლის ბერონი პირველი ბიჭუნა გახდა, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში თეთრ სახლში შესახლდა.

მანამდე ეს ჯონ კენედი-უმცროსის ვაჟი იყო.

ბერონ ტრამპის გარდა, მედიის ყურადღების სფეროში ასევე ხშირად ხვდება თითქმის მისი თანატოლი კოლია ლუკაშენკო, რომელიც ბელორუსის პრეზიდენტის შვილია და საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობს.

როგორ ცხოვრობენ პრეზიდენტების ვაჟები ოკეანეს გაღმა და გამოღმა.

რეზიდენცია

ნიუ იორკში სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დონალდ და მელანია ტრამპების ვაჟი დედასთან ერთად ვაშინგტონში გადასახლდა. ახლა 11 წლის ბერონი თეთრ სახლში იცხოვრებს. დროის უმეტეს ნაწილს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ოფიციალური რეზიდენციის მეორე და მესამე სართულებზე გაატარებს. თეთრი სახლის ისტორიული ასოციაციის მთავარი ისტორიკოსის ედვარდ ლენგელის თქმით, მას ოთახების საკუთარი გემოვნებით მოწყობაც შეუძლია. ასევე ბერონ ტრამპის განკარგულებაში იქნება საკალათბურთო მოედანი, საცურაო აუზი, კინოთეატრი და ბოულინგის სათამაშო ბილიკი.

ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებაში ორი რეზიდენციაა. ლუკაშენკოსთან ერთად მისი უმცროსი ვაჟი, 12 წლის კოლიაც ცხოვრობს. 2015 წლის დეკემბერში ”პატარა უფლისწულმა” ერთ-ერთ რუსულ გამოცემას პირველი დიდი ინტერვიუ მისცა და საკუთარ მფლობელობაში მყოფი ტერიტორია აჩვენა. მაგალითად, დარბაზი ორი როიალით, სადაც მუსიკის გაკვეთილები იმართება, და ფერმა, სადაც ბელორუსის პრეზიდენტის ვაჟი ყველა ცხოველს სახელებით ცნობს. ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა კოლია ლუკაშენკოს მამის კარიერა გაიმეოროს, მან უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ”რთული ცხოვრება” იქნებოდა.

მოგზაურობა

მიუხედავად ასაკისა, კოლია ლუკაშენკოს ნახევარი მსოფლიო უკვე მოვლილი აქვს - ალექსანდრე ლუკაშენკოს გასვლით ოფიციალურ ვიზიტებში ხშირად ნახავთ კოლიასთან ერთად.

კოლია ესწრებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტს ნიუ-იორკში, რომის პაპთან შეხვედრას ვატიკანში და ვენესუელის პრეზიდენტის დაკრძალვასაც კი. ბელორუსის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა - ”იძულებული ვარ ვაჟი მივლინებაში გავიყოლო, ვინაიდან ის მამის გარეშე ვერ იძინებს. ჩემთან ერთად კი კარგად დაიძინებს თვითმფრინავში. საერთოდ არ მიშლის ხელს”.

ბელორუსი თანატოლისგან განსხვავებით, ბერონ ტრამპს მამასთან ასეთი მოგზაურობების ისტორია არ აქვს. თავის პირველ საერთაშორისო მივლინებაში პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი უმცროსი ვაჟის გარეშე გაემგზავრა. მას თან ახლდნენ მელანია ტრამპი და ქალიშვილი ივანკა მეუღლესთან ჯარედ კუშნერთან ერთად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველიცაა. მაგრამ რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებაზე ბერონი მაინც გამოჩნდა. მაგალითად, აპრილში, აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. თეთრ სახლში ბერონმა კვერცხების ტრადიციულ გაგორებაში მიიღო მონაწილეობა და, მამისაგან განსხვავებით, ჰიმნის შესრულების დროს გულზე ხელის დადება არ დავიწყებია.

სკოლა

ახალ სასწავლო წელიწადში ბერონ ტრამპი სკოლას შეიცვლის. მანამდე ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა და კოლუმბიის მოსამზადებელ და გრამატიკულ კერძო სკოლაში (Columbia Grammar and Preparatory School) სწავლობდა. მაგრამ მამის თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ მას ვაშინგტონის შემოგარენში მდებარე წმინდა ანდრიას საეპისკოპო სკოლაში (St. Andrew's Episcopal School) მოუწევს სიარული. The Washington Post-ის ინფორმაციით, ამ სკოლაში ერთი წლის გადასახადი 40 ათას დოლარს შეადგენდა.

ბელორუსის ლიდერის ვაჟი ოსტროშიცკის-გოროდოკის საშუალო სკოლაში სწავლობს. თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ სკოლას ”სოფლის” სკოლა უწოდა. კოლია ლუკაშენკოს გვერდით მერხზე სკოლის დირექტორის ქალიშვილი ზის.

მამასთან ურთიერთობა

ბერონ ტრამპის და მისი მამის ერთ-ერთი საყვარელი თამაში გოლფია. ხანდახან მამა-შვილი ერთადაც თამაშობენ. მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპი გოლფის რამდენიმე მოედანს ფლობს.

იმაზე, თუ როგორ ატარებს უმცროს ვაჟთან დროს ალექსანდრე ლუკაშენკო, გაცილებით მეტია ცნობილი. თავისუფალ დროს ოჯახი ერთად ატარებს. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში მამა-შვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში კარტოფილის მოსავალი აიღეს და საათნახევრის განმავლობაში 70 ტომარა კარტოფილი შეაგროვეს.