საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, თხილის გადამამუშავებელი კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, უცხოეთში რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს. კერძოდ: გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.
სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, სააგენტოს ორგანიზებით საკვები და სასმელი პროდუქტების ყველა წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა: HOFEX 2017, GULFOOD 2015/2016/2017, ANUGA 2015, SIAL CHINA 2015, SUMMER FANCY FOOD SHOW 2015, SIAL PARIS 2016 და ა.შ.
პოტენციურ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და კიდევ ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს. მათივე ცნობით, კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს. კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.