კობა გვენეტაძის რჩევა მოქალაქეებს - „დეტალურად გაეცანით ახალ წესებს, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემები თავიდან აირიდოთ“

„ჩემი თხოვნა და რჩევაა, დეტალურად გაეცნოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ წესებს, რათა უკეთ იცოდეთ თქვენი უფლებები და გაუთვალისწინებელი პრობლემები თავიდან აირიდოთ“.

ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2017 წლის 1 ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე; თავდებმა და/ან სოლიდარულმა მოვალემ მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; გარკვეულ შემთხვევებში წინსწრებით უფასოდ დაფაროს სესხი და სხვა მრავალი წესი, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და უკეთ იცოდეთ თქვენი უფლები. დეტალურად თუ რა უფლებები გაქვთ ან რა ვალდებულებები აქვს ფინანსურ ორგანიზაციას თქვენს მიმართ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606 ,“-წერს გვენეტაძე.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემის შექმნის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან ელ.ფოსტაზე: cp@nbg.gov.ge

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის საინტერესო პროდუქტზე, მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში მის გაფორმებამდე, მოითხოვოს სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს და ა.შ.