ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულის თქმით,  მათი ქონება დაზღვეული არ იყო

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათი ქონება დაზღვეული არ იყო.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ემზარ ლეთოდიანმა განაცხადა, რადგან ბაზრობაზე იყიდება ე.წ. მეორადი ავტომობილების ნაწილები, არც ერთი სადაზღვევო კომპანიის ინტერესში არ შედის მათი დაზღვევა.

დაზარალებულებს ბაზრობის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

“ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ მაღაზიები იყო თქვენს მფლობელობაში და თქვენ თვითონ მიხედეთო. ჩვენ ვართ დაზარალებულები. გუშინ ღამე ვნახე, რომ ჩემი მაღაზია მთლიანადაა დამწვარი, ჭერი ჩამონგრეულია. შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დაგვატოვებინეს. დღეს კი ადგილზე შესვლის საშუალება არ გვეძლევა”, - განაცხადა ემზარ ლეთოდიანმა.

ისნის ბაზრობის ყველა შესასვლელი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ლენტებითაა შეღობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ხანძრის შედეგად დამწვარი კომერციული ფართების მფლობელები.

მათი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 40-მდე კომერციული ობიექტი.

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.