გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Mercedes-მა Pebble Beach Concours d'Elegance-ზე სრულიად ახალი კონცეპტუალური მოდელის პრემიერა გამართა.
ეს გახლავთ Maybach 6 Cabriolet, რომელიც ელექტროძრავითაა აღჭურვილი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს კომპანიის ხედვას თუ როგორი იქნება Mercedes-Maybach-ის მომავლის მოდელები.
არტ-დეკოს სტილში გადაწყვეტილი კაბრიოლეტი ღია სახურავისა და ელექტროძრავის გარდა, არაფრით განსხვავდება ერთი წლის წინ ამავე გამოფენაზე წარმოდგენილი ასევე კონცეპტუალური Mercedes-Maybach 6 კუპესგან. ულტრამდიდრული კაბრიოლეტი, სერიული წარმოების შემთხვევაში კონკურენციას გაუწევს ისეთ პრესტიჟულ ავტომობილს, როგორიცაა Rolls-Royce Dawn-ი.
5700მმ სიგრძის, 2100მმ სიგანისა და 1340მმ სიმაღლის კონცეპტუალური ავტომობილი 671მმ-ით გრძელი, 201მმ-ით განიერი და 71მმ-ით დაბალია კომპანიის წარმოებაში არსებულ ყველაზე დიდ Mercedes S-Class Cabriolet-ზე.
რაც შეეხება ძრავს, 6 Cabriolet აღჭურვიილია 750-ცხენისძალიანი 4 ელექტრო აგრეგატით, რომელიც კომპანიამ ადრეც გამოიყენა Mercedes-Benz SLS Electric Drive სუპერქარში. ეს 4 ელექტროძრავი ავტომობილის ოთხივე ბორბალთანაა დამონტაჟებული, რაც მას სრულამძრავიანს ხდის, ხოლო 0-დან 100კმ/სთ -ამდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 4 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე რა თქმა უნდა, ელექტრონულად არის შეზღუდული 250კმ/სთ-მდე. სრულად დამუხტვის შემთხვევაში ავტომობილი უპრობლემოდ ფარავს 500 კმ მანძილს, მას ასევე გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნცია და 350კვ-იანი დამუხტვის პირობებში დამატებით 100 კილომეტრი მანძილის დაფარვისთვის საჭირო დამუხტვა შეუძლია სულ რაღაც ხუთ წუთში.
ამ დროისთვის ფასზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სერიული წარმოების შემთხვევაში ის სავარაუდოდ ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწევს.
კოკა კვირკველია