ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები - ქართველი ინჟინრის მიერ დამზადებული ორიგინალური ნივთები

ალბათ დამეთანხმებით, რომ სათამაშო ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია.

სათამაშო ბავშვს გარემოს შეცნობაში ეხმარება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგანაა იგი დამზადებული, რადგან ბოლო დროს გაივსო ბაზარი "საშიში" სათამაშოებით.

ზვიად კომლაძე პროფესიით ელექტრო-ინჟინერ-ქიმიკოსია, მაგრამ საკუთარი პროფესიით არ უმუშავია. ხის სათამაშოების შექმნის იდეა დაახლოებით 17 წლის წინ დაებადა, თუმცა სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ასწრებდა. ჩვიდმეტი წლის შემდეგ მოახერხა და საკუთარი სახსრებით აპარატი შეიძინა, რომლითაც ხის სხვადასხვა, ეკოლოგიურად სუფთა ნივთის დამზადება დაიწყო.

- 2000 წელს შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში, სადაც მთხოვეს ლაზერის აპარატის გაშვება-მომსახურება. აპარატი გავუშვი და დავინტერესდი მასთან მუშაობით. კომპანიის მფლობელებს შევთავაზე, რომ მე თვითონ ვამუშავებდი ამ აპარატს, რაზედაც სიხარულით დამთანხმდნენ. აქედან დაიწყო ყველაფერი: მაინტერესებდა როგორც ნახაზების შექმნა, ისე მათი ლაზერით გამოჭრა და აწყობა.

სარეკლამო შეკვეთების სიმრავლიდან გამომდინარე მაშინ, სამწუხაროდ, ჩემი იდეების განსახორციელებლად ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. ჩვიდმეტი წლის შემდეგ მოვახერხე საკუთარი სახსრებით აპარატის შეძენა და ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ვიხდენ ამ ოცნებას.

ჯერჯერობით ისევ ძიებაში ვარ, რა არის ის საუკეთესო პროდუქტი, რაც ძალიან გაახარებს პატარებს. ამაში საკუთარი შვილების ემოციები, სურვილები ძალიან მეხმარება.

- თითოეული ნივთი ხელნაკეთია. ვინმე გეხმარებათ მათ შექმნაში, თუ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს?

- იმისათვის, რომ ლაზერის მანქანამ მასალა გამოჭრას, პირველ რიგში აუცილებელია შეიქმნას ნახაზი, რომელიც აუცილებელია იყოს ზედმიწევნით ზუსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დეტალები, რომლითაც ეწყობა ესა თუ ის ნაკეთობა, არ დაემთხვევა ერთმანეთს და ყველაფერი თავიდან გახდება დასაწყები. ჩემი საქმიანობა ჯერჯერობით ოჯახურია, ასე რომ, ჩემი დამხმარეები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან.

ისე, რა თქმა უნდა, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად ვაპირებ მომსახურე პერსონალის დაქირავებას, ვფიქრობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებასაც.

- დღეისთვის რა ნივთებს ამზადებთ?

- დღეისათვის ოცამდე სათამაშოს ვაწარმოებ, აქედან ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ნივთი ჩემი შექმნილია და შვილებივით მიყვარს.

- აქვს მნიშვნელობა, ხის რომელი მასალისგან იქმნება ნივთები?

- კი, რა თქმა უნდა. ბევრი მასალა ვცადე, ვერც ჩინურმა, ვერც უკრაინულმა და ვერც ბელორუსიულმა მასალამ ვერ გაამართლა. ზოგი არ იხეხებოდა სათანადოდ, ზოგი ადვილად დაიშალა უხარისხობის გამო, ზოგიც გახეხვის (გაშკურკვის) შემდეგ ხიწვებს იტოვებდა, რაც ძალიან სახიფათო იყო. საბოლოოდ მივაგენი და დღეს ერთ-ერთი ქარხნის მიერ დამზადებულ მასალას ვიყენებ. სერთიფიკატი, რომელიც ამ მასალას ახლავს, შთამბეჭდავია თავისი ბუნებრივობით.

- რაც შეეხება სათამაშოებს. რა ტიპის სათამაშოებს აწარმოებთ?

- ძირითადად საბავშვო სათამაშოებს. სხვადასხვა ზომისა და ფორმის თოჯინის სახლებს, ავეჯს, ლოკომოტივს, სპორტულ მანქანას, კალათებს და ა.შ. ასე რომ, არჩევანი როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისათვის საკმაოდ დიდია.

იხილეთ გაგრძელება: