წაღვერში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ხანძარი სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩენილი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფინამა განუცხადა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია ასევე პოლიცია.
მისივე თქმით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია, ამჟამად კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოხდა მდინარის დაგუბება, რათა ვერტმფრენმა წყლის ამოღება შეძლოს.
ბორჯომის გამგებლის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა გაჩენილი, სახანძრო სამუშაოების განხორციელება გართულებულია. მისივე თქმით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც არის მობილიზებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი იმ ადგილზეა გაჩენილი, სადაც 2008 წელს რუსთ-საქართველოს ომის დროს ხანძარი იყო. მათივე ინფორმაციით, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.