სატყეო სააგენტოს უფროსი - ბორჯომის ტყის მასივი გადარჩენილია

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძარი 2 – 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ამ კონტექსტში, გვაზავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იწვის დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორია.

მისივე განმარტებით, ტყის მასივი გადარჩენილია და ცეცხლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტერიტორიას და ბუჩქნარს უკიდია.

„დაახლოებით 2 – 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული და არა 5 ჰექტარზე, როგორც ითქვა. აქ ვარ ორი დღეა და ეს არასწორი ინფორმაციაა. ძირითადად ტყის მასივი გადარჩენილია. დაიწვა ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა - სოფელ ყვიბისის მხრიდან გაიწმინდა და გაიჭრა გზა და დაახლოებით 10-12 მანქანა უკვე ავიდა ხანძრის კერამდე. დილიდან ვერტმფრენიც მუშაობს და მივდივართ ხანძრის ლოკალიზაციისკენ“, - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ჩაქრობა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება.

„ახლა ოდნავ ნიავია, მაგრამ მზიანი ამინდია და ვვარაუდობთ, რომ დღის მეორე ნახევარში მოხდება ლოკალიზება“, - აღნიშნა გვაზავამ.