ეროვნული სატყეო სააგენტო - ბორჯომის ტყეში ხანძარი 2 ჰექტარზეა გავრცელებული

სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრის ადგილამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები. დილის 6 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურები აგრძელებდნენ მუშაობას. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.