გიორგი მღებრიშვილი - თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, რომელიც სოფელ ახალდაბაში ჩავიდა და ხანძრის ლოკალიზებას თავად აკვირდება.

შს მინისტრი შემთხვევის ადგილზე მოადგილესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფება.

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ სამაშველო სამსახურებსა და სახნძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად რელიეფის საკმაოდ რთული მდებარეობისა. ასევე ხანძრის გავრცელებას ხელს ძალიან უწყობდა ქარი, რომელიც უკვე ჩადგა და აღარ არის“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა.