„ბლუორჩარდის“ ფონდი საქართველოში ენერგოეფექტური უძრავი ქონების მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს

საერთაშორისო კომპანია „ბლუორჩარდი“ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ენერგოეფექტური უძრავის ქონების მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს.

ამ მიზნით კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე „კავკასიის უძრავი ქონების ფონდს“ დააარსებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ენერგოეფექტური შენობების რაოდენობა საქართველოში მცირეა, რაც საშუალებას იძლევა მომავალში „კავკასიის უძრავი ქონების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდეს გამონაბოლქვი CO2- ის მოცულობა.

მიმდინარე წლის ივლისში „ბლუორჩარდმა“ „ტერნესის უძრავი ქონების ფონდი“ შეიძინა, რომელიც პიონერია საქართველოში მაღალშემოსავლიან უძრავ ქონებაში განხორციელებულ კოლექტიურ ინვესტიციებში. აღნიშნული ფონდის გამოცდილება „ბლუორჩარდის“ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობას გააფართოებს და განავითარებს. „ტერნესის უძრავი ქონების ფონდი“ საშა ტერნესის მიერ დაარსდა, რომელიც ამჟამად „ბლუორჩარდის“ ვიცე-პრეზიდენტია უძრავი ქონების საკითხებში.

საშა ტერნესს აქვს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრების 20 წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება. იგი 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, სადაც თავდაპირველად იყო პროკრედიტ ბანკის ფინანსური დირექტორი, ხოლო მოგვიანებით ამავე ბანკის გენერალური დირექტორი. საშა ტერნესი იკავებდა ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. „ბლუორჩარდის“ წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში 2013 წელს გაიხსნა. ამჟამად ოფისში 14 თანამშრომელი მუშაობს.

„საქართველომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ჩვენ მოხარულნი ვართ, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად“,- აცხადებს პიტერ ფანკონი, „ბლუორჩარდის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.