საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5675.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1446.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.9%-ით მეტია, ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ აშშ დოლარს, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2781.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1141.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2017 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა: თურქეთი (858.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (605.7 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (481.4 მლნ აშშ დოლარი)
2017 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და მთელი ექსპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 182.5 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 102.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.1 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 354.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 261.3 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2% იყო. მესამე ადგილზე კი სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 196.6 მლნ აშშ დოლარით.