„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ფოთში მსუბუქი ავტომობილების სერვისი გააფართოვა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვის ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.
„მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა მოტორსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
სერვის ცენტრის განახლების პროექტში 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.
განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების სერვისი, თვლების შეყრის გასწორება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის და ფილტრის შეცვლა, ავტომობილის კონდიცირების სისტემის შემოწმება და დატუმბვა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების შეკეთება, სამუხრუჭე სითხის შეცვლა წნევით, სამუხრუჭე სისტემის რემონტი, ავტომობილის ელექტროსისტემების დიაგნოსტირება, სხვადასხვა სისტემების დაკალიბრება-ინიციალიზაცია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკით და ამ სისტემების რემონტი, სავალი ნაწილის შემოწმება-რემონტი, ძრავის კბილანა ღვედის და ჯაჭვის კომპლექტების (ცეფის) შეცვლა, ძრავის ბენზინის მფრქვევანების (ინჟექტორების) გაწმენდა სტენდზე, ჰაერის კოლექტორების შემოწმება კვამლით და სხვა.
„ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალში მომხმარებლები ისარგებლებენ ხელსაყრელი ფასებით და „ტაქს ფრი” სისტემით.
„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში“, -ნათქვამია ინფორმაციაში.