2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აშშ-ს საელჩოში აღნიშნეს, აღნიშნულთან დაკავშირებით 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.