ბათუმის ბიუჯეტის გადასახდელები 2,932,8 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
როგორც ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური იუწყება, სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც ქ.ბათუმის ბიუჯეტის გადასახდელები 2,932,8 ათასი ლარით იზრდება. ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტები, ასევე საკუთარი შემოსავლების ხარჯზე დამატებით გათვალისწინებული იქნა რიგი ინფრასტრუქტურული, სპორტული, კულტურული და სოციალური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (275230,60 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მქონე 93 დასახელების 281 ერთეული მოძრავი ქონება) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მისი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავებისთვის“ გადაცემის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეთხოვა, უზრუნველყოს საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მიღებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის N36-ე განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას ემატება ექვსი საპრივატიზებო ობიექტი, ამასთან, ქ. ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილი ტერიტორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვა იგეგმება პირობიანი აუქციონების გამოცხადების გზით, რა დროსაც პრივატიზებისას სააუქციონო პირობად განისაზღვრება მყიდველის მიერ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლების (აპარტოტელი) მშენებლობა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ.N67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთის კომპენსაციის მიზნით რამდენიმე ოჯახისთვის ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა 107-ში მდებარე გარემონტებული საცხოვრებელი ბინების გადაცემას და მიწის ნაკვეთის კომპენსაციას. აღნიშნული განკარგულების მიღების მიზანია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სანიაღვრე და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. განკარგულების მიხედვით, მოხდება სანიაღვრე არხის გასწორება, მოეწყობა კოლექტორი შეტყუპებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით, რაც დახურული იქნება რკინა-ბეტონის ფილებით და შემდგომში გამოყენებული იქნება საავტომობილო გზის მოწყობისთვის. აღნიშნული სახლის ლიკვიდაცია წარმოადგენდა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და იგი გახორციელდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
რიგგარეშე სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.