მზის დაბნელება, რომლის მომსწრეც დღეს ამერიკის მცხოვრებლები გახდებიან, ადგილობრივ კომპანიებს მილიონობით დოლარი დაუჯდება.
MarketWatch-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მზის დაბნელება სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება, ბევრი დასაქმებული შეეცდება სამუშაოს მიტოვებას და დაბნელების სანახავად გასვლას. გამოცემის ცნობით, შედეგად, დამსაქმებლებს აღნიშნული მოვლენა 694 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.
კომპანია Challenger, Gray & Christmas-ის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, დასაქმებულებს დაახლოებით 20 წუთი დასჭირდებათ, რათა შეაგროვონ მზის დაბნელების სანახავად საჭირო აღჭურვილობა, რაც თავის მხრივ მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდება.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მზის დაბნელება ტურისტებისგან მიღებულ ათობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს აშშ-ს. ქალაქ ნეშვილი დაახლოებით 50-75 ათას ვიზიტორს მოელის, რომლებიც ჯამში 15-20 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავენ მზის დაბნელების სანახავად. სამხრეთ კაროლინაში კი ტურისტებისგან 43 მილიონი დოლარის შემოსავალს ელიან.
დღეს დედამიწაზე მზის დაბნელება იქნება, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალით იხილავს.
1918 წლის შემდეგ აშშ-ის ტერიტორიაზე მზის დაბნელება პირველად გამოჩნდება. სპეციალისტების ინფორმაციით, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იმ ადგილებისკენ გაემგზავრა, სადაც დაბნელება ყველაზე კარგად გამოჩნდება.
მზის სრული დაბნელება ორეგონის შტატიდან სამხრეთ კაროლინამდე გამოჩნდება. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში დაბნელება მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.
მზის სრული დაბნელება 2 წუთი და 40 წამი გაგრძელდება.