ყველა ორგანიზაცია სინამდვილეში პატარა ქალაქების ნაკრებია.
თუ ასეთი ქალაქიდან ხართ, გაიხსენეთ მისი მაცხოვრებლები. თუ არა და, როგორც დონ ჰენლი ამბობს, იფიქრეთ თითოეულ ჩვენგანში არსებულ პატარა ქალაქზე, სადაც ცხოვრობენ ბიზნესმენები, შერიფები და სადაც ხდება სკანდალები; განიხილავენ, ვინ იქნება შემდეგი მერი, ვინ გადავა სხვაგან საცხოვრებლად, რა ფასი ექნება მარცვლეულს (ან ნავთობს). აქ არის სკოლა, სადაც სწავლობს პოპულარული მოსწავლე, შერიფის შვილი, რომელიც მამამისის არყოფნაში, უქმეებზე, წვეულებას მართავს; აქ ცხოვრობენ ეკლესიის მრევლი, ბარის კლიენტები, მარტოხელები, წიგნის კლუბის წევრები, დაუძინებელი მტრები. არიან დაბადებით ლიდერებიც, რომლებსაც უწევთ თავის მართლება შერიფის სახლში გამართული წვეულებისა და ხალიჩაზე დაღვრილი ლუდის გამო.
ხალხი ყველა ქალაქში სხვადასხვანაირია და მათი როლებიც არასოდეს არის იდენტური, მაგრამ მსგავსება ყოველთვის მეტია, ვიდრე განსხვავება.
ამ პატარა ქალაქებს ჩვენ ტომებს ვუწოდებთ და მათი ჩამოყალიბება იმდენად ბუნებრივია, თითქოს ეს ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი იყოს. ტომები დაეხმარნენ ადამიანებს, გადაეტანათ უკანასკნელი გამყინვარების ხანა, შეექმნათ სასოფლო-სამეურნეო თემები, მოგვიანებით კი აეშენებინათ ქალაქები. ჩიტები ქმნიან გუნდს, თევზები ქარავანს, ადამიანები კი, ტომებს.
ტომი არის 20-150 კაცისგან შემდგარი ჯგუფი. არსებობს მარტივი კრიტერიუმი - თუკი თქვენ ქუჩაში ადამიანის დანახვისას შეჩერდებით და მიესალმებით მას, ესე იგი, ის თქვენი ტომის წევრია. მისი კონტაქტები, როგორც წესი, მოიძებნება თქვენს მობილურსა თუ საფოსტო ელექტრონულ წიგნაკში.
ზოგიერთი, ჩვენთვის ნაცნობი კორპორაციული ტომია მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური სერვისების კომპანიებში მომუშავე მაღალი პოტენციალის მენეჯერები, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური ჯანდაცვის ორგანიზაციის ექიმები, ექთნები და ადმინისტრატორები; გიგანტური მაღალტექნოლოგიური ფირმის კვლევისა და განვითარების განყოფილების თანამშრომლები; მთავარი ფარმაცევტული კომპანიის საოპერაციო აღ¬მასრულებლები;
ტომები კომპანიებში სამუშაოს შემსრულებლები არიან, ხშირად ძალზე დიდი მოცულობისაც, მაგრამ ეს არ არის მათი ჩამოყალიბების მიზეზი. ტომები ნებისმიერი მნიშვნელოვანი ადამიანური ძალისხმევის საფუძველია, მათ შორის, ლუკმაპურის შოვნისთვის გაწეული ძალისხმევისა. მათი გავლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ჯგუფების, მთელი კომპანიებისა და ყველაზე პოპულარული აღმასრულებელი დირექტორებისაც კი. კომპანიებში სწორედ ტომი გადაწყვეტს, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება ახალი ლიდერი. ის განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს.
ზოგიერთი ტომი წევრებისგან სრულყოფილებისკენ სწრაფვას მოითხოვს და თავადაც მუდმივად ვითარდება, ზოგი კი აუცილებელ მინიმუმს სჯერდება. რა განაპირობებს ამ სხვაობას? - ტომის ლიდერები.
ტომის ლიდერები კონცენტრირებული არიან ტომის ჩამოყალიბებაზე, ან, უფრო ზუსტად, მისი კულტურის განვითარებაზე. წარმატების შემთხვევაში, ტომი ამ ადამიანებს ლიდერებად აღიარებს, თავს არ ზოგავს მათთვის, ზოგჯერ კერპადაც გაიხდის და დიდი ერთგულებით ქმნის ტომის წარმატების ისტორიას. სწორედ განყოფილებები და კომპანიები, რომლებსაც ტომის ლიდერები მართავენ, აწესებენ სამუშაოს სტანდარტს თავიანთ ინდუსტრიაში. ტომის ლიდერი ნამდვილი მაგნიტია ტალანტებისთვის. იგი იმდენად სწრაფად ახერხებს მნიშვნელოვან კარიერულ ზრდას, ხალხი ხშირად ამბობს, რომ სწორედ ის იქნება შემდეგი აღმასრულებელი დირექტორი. თითქოს ის, რასაც ეს უკანასკნელი აკეთებს, სულაც არ საჭიროებს ძალისხმევას და ბევრს საგონებელში აგდებს, თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფერს. ბევრი ტომის ლიდერი ვერც კი გიპასუხებთ, რას აკეთებს განსხვავებულს.
ტომის ლიდერის კარგად ნაცნობი მაგალითია ჯორჯ ვაშინგტონი. მის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს 13 სხვადასხვა კოლონიის მცხოვრებთა ერთ საზოგადოებად გარდაქმნა. ეს მან ურთიერთდაკავშირებულ ტომებში საერთო იდენტურობის ჩამოყალიბებით შეძლო. თითოეულ შემთხვევაში ვაშინგტონი ჯგუფს მისი "ტომობის" აღიარებით აერთიანებდა, ამისთვის კი ჯგუფის წევრებს მათი საერთო ღირებუ-ლებების შესახებ ალაპარაკებდა, იქნებოდა ეს თავისუფლე-ბის დაფასება, ზიზღი ხელისუფალთა მიერ დაწესებული გადასახადებისადმი თუ ბრძოლაში გამარჯვების სურვილი. როდესაც მან თითოეული ტომისთვის საერთო მიზანი ჩამოაყალიბა, ამოცანა შესრულებულ იქნა - ხალხმა შეითვისა "ჩვენ მაგრები ვართ" ტიპის ლექსიკა. ვაშინგტონის გენიალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ მან სიტყვები "ადამიანი" და "მიზეზი" სინონიმებად აქცია. სწორედ ამას გულისხმობს ტომის ლიდერობა: ლიდერი ავითარებს ტომს, თავის მხრივ, ტომი აღიარებს ლიდერს. ისინი ერთმანეთს აყალიბებენ.