სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, „ყველა თანახმაა, რომ თუ გაფორმდა რომელიმე დიდ ჯგუფთან გადაბარების ხელშეკრულება“, იმავდროულად გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება დედასა და დეიდასთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან დაკავშირებით.
რჩეულიშვილის თქმით, „ცენტრ პოინტის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, „ცენტრ პოინტის“ ყიდვით ოთხი კომპანია, მათ შორის ერთი უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.
მისი განმარტებით, ამჯამად ყველა კომპანია „ცენტრ პოინტის“ გარშემო არსებულ ვითარებას, აქტივებსა და პასივებს სწავლობს.
„ჩვენ მზად ვართ გასაყიდად. რამდენიმე დიდი ჯგუფია დაინტერესებული და ვისთან მივაღწევთ შეთანხმებას, ამაზე საუბარი ცოტა რთულია ახლა. კომერციულად მთლიანად „ცენტრ პოინტი“ საინტერესოა იმიტომ, რომ დამტკიცებულია 400 ათას კვადრატულამდე პროექტებია და ვალდებულება არის 40 ათასი კვადრატული. კომპანიას, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსი, რომ ამ მასშტაბის სამუშაოს გაწვდეს, მისთვის ძალიან მიმზიდველი კომპანიაა „ცენტრ პოინტი“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, მყიდველ კომპანიას „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები, კერძოდ „დაზარალებულთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც გადაყვება“.
„ვალდებულებები, რომელიც მყიდველს გადაყვება, არის პლუსები და მინუსები - პლუსი არის ის, რომ 2018 წლამდე ჩვენი შპს გათავისუფლებულია გადასახადებისგან და ეს ნორმატიული აქტი სახელმწიფომ მიიღო მათთვის, ვისაც 2008 წლამდე მშენებლობის ნებართვა ჰქონდა აღებული. ყველაზე მეტი ჩვენ გვქონდა. ასევე ჩვენი პროექტების დაახლოებით 10% არის ვალდებულებები, კერძოდ, 40 ათასი კვადრატული მეტრი, რომელიც დაზარალებულების უზრუნველსაყოფადაა საჭირო“, - აღნიშნა რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, როგორც „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შეთანხმება კომპანიის გასხვისების პარალელურად მოხდება.
„უნდა მოხდეს საპროცესო შეთანხმება, სადაც გათვალისწინებული იქნება დაზარალებულების დაკმაყოფილება და ასევე მაიას და რუსოს გათავისუფლება. ეს ყველაფერი მოხდება კომპლექსურად, რასაც მონიტორინგს სახელმწიფო გაუწევს. ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ კონსტრუქციულად არიან ჩართულები. პროკურატურა უწევს მონიტორინგს ამ პროცესებს. ყველა თანახმაა, რომ თუ გაფორმდა რომელიმე დიდ ჯგუფთან გადაბარების ხელშეკრულება, იმავდროულად გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, - დასძინა რჩეულიშვილმა.