ახალი კვირის დასაწყისში, დოლარის ინდექსმა ოდნავ აიწია, თუმცა ექვსი ძირითადი ვალუტის კალათთან მიმართებაში კვლავ „თავდაცვითი პოზიცია“ უკავია.
ამის მთავარი მიზეზია ეჭვი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს აღარ ასწევს. გარდა ამისა, კვლავ სერიოზულ ფაქტორად რჩება აშშ-ის პოლიტიკური პრობლემები.
დოლარის ინდექსი 0.11 პროცენტით, 93.45-მდე გაიზარდა, რაც შორს არაა პარასკევის მინიმუმისგან (93.25). ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკული ვალუტა კორექციულ მოძრაობას ასრულებს, რის შემდეგაც მისი კლება გაგრძელდება. პარასკევს კლების მიზეზი გახდა ის ფაქტორი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვერ ახერხებს წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა შენარჩუნებულია.
არადა, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, დოლარის ინდექსი ბოლო 14 წლის მაქსიმუმზე ავიდა. ტრამპი ამომრჩევლებს პირდებოდა, რომ ფისკალური სტიმულირების და საგადასახადო რეფორმების გამოყენებით, ეკონომიკის ზრდის ტემპს გაზრდიდა. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ტრამპს დანაპირების შესრულება არ გამოსდის. და ეს დოლარის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.
დოლარზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ამერიკულ ვალუტაზევე უარყოფითად აისახება, რადგან ამ დროს, აშშ-ის აქტივებზე მოთხოვნა კლებულობს, რადგან სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ისინი ნაკლებად საინტერესოა.
ამ კვირაში ინვესტორთა ყურადღება ჯეკსონ ჰოულისკენ (შტატი ვაიომინგი) არის მიმართული, სადაც ფედრეზერვი ცენტრალური ბანკების ყოველწლიურ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს პრეზიდენტი ჯანეტ იელენი. ინვესტორები დრაგისგან ელიან, რომ ის ევროზონაში სტიმულირების მოცულობის შეკვეცასთან დაკავშირებით, რამეს იტყვის. იელენისგან კი დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ახალ მინიშნებებს ელიან.