ბორჯომის ტყეში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, ხანძრის ხელახალი კერები დასახლებული პუნქტისგან მოშორებით წარმოიქმნა. მისივე თქმით, ძლიერი ქარის გამო დაბის მხრიდან ახალი კერები გაჩნდა.
„ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა და ახალი კერები წარმოიშვა. დაბის მხრიდან აალდა რამდენიმე კერა. ყვიბისის მხარეს არაფერი ემუქრება. ამ ეტაპზე მუშაობს ვერტმფრენი. მოსახლეობასთან არანაირ კავშირში არაა, მოსახლეობა ქვემოთაა - დაახლოებით კილომეტრნახევრის მოშორებით, ქარი კი ქვემოდან ზემოთ უბერავს, მთის წვერისკენ“, - აღნიშნა გვაზავამ.
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუკი ქარი ჩადგა, ხანძრის სრული ლოკალიზება შესაძლებელი იქნება.
„იმის გარანტიას, რომ ქარი არ გაძლიერდება, ვერავინ მოგვცემს. თუ გაძლიერდა ქარი, ხანძრის მასშტაბების პროგნოზირება ძნელია, რომ მოვახდინოთ“, - აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.